საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში პროევროპელი ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ მოხსნა ის ნეგატიური წნეხი, რომელიც დოლარის ინდექსს ზღუდავდა.
გარდა ამისა, პარასკევს აშშ-ის შრომის ბაზრის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, რომლებმაც აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მდგრად ზრდას აგრძელებს და შრომის ბაზარიც სულ უფრო უახლოვდება სრული დასაქმების ნიშნულს.
ამ ინფორმაციების ფონზე დოლარის ინდექსმა 98.80-ს მიაღწია.
ბოლო 12 თვის წინააღმდეგობის ზღვარი 99.05 ნიშნულთან იმყოფება, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, დოლარის ინდექსს (და შესაბამისად დოლარის კურსსაც) ზრდის გაგრძელების რეალური შესაძლებლობა მიეცემა. ზრდის მოლოდინს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ სავალუტო ბაზარი ამჟამად FOMC-ის (ღია ბაზრების ფედრალური კომიტეტი) ივნისის შეხვედრაზე, დოლარზე საპროცენტო განაკვთის ზრდას მოელის.
სწორედ შრომის ბაზრის აპრილის დადებითი მაჩვენებლები არის საპროცენტო განაკვთის შესაძლო აწევის მოლოდინის მთავარი მიზეზი. 4.4 პროცენტამდე შემცირდა უმუშევრობის დონე (მარტის 4.5%-დან, მოლოდინი იყო 4.6%), 0.3%-ით გაიზარდა საათობრივი ანზღაურება (მარტის 0.1%-დან, მოლოდინი იყო 0.3%) და არასასოფლო სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 211 ათასით გაიზარდა (მარტის 79 ათასიდან, მოლოდინი იყო 185 ათასი).
დოლარის ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ ბაზრებზე გაიზარდა რისკულ აქტივებზე მოთხოვნა, რაც პირველ რიგში, საფრანგეთის პრეზიდენტად მაკრონის არჩევამ განაპირობა. თუმცა იგივე ფაქტორი, ევროპაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების კვალობაზე, დოლარის შემდგომი ზრდის მიზეზიც გახდება.