ფოთის საზღვაო ნავსადგური 10 მაისიდან გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთვება.
როგორც პორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კვირეულის ფარგლებში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალსი“ მიზნად ისახავს მძღოლების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების შესახებ.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოცემული პროგრამა არის პირველი და მას მომავალშიც მოჰყვება მსგავსი ინიციატივები საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. ჩვენი ტრენინგ-პროგრამა არის გზავნილი მძღოლებისთვის, რომ ,,ეიპიემ ტერმინალსი“ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“,- განუცხადა ,, ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.
მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები როგორც ფოთის ნავსადგურში, ასევე ბათუმის საკონტეინერო ტერმინალზე ჩატარდება, რომელსაც ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ უზრუნველყოფს. ტრენინგები 10 მაისს დაიწყება და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. პირველ-ორ ტრენინგს შვეიცარული არაკომერციული ორგანიზაცია „Fleet Forum”-ი ჩაატარებს, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული გადაზიდვების სექტორის დახმარებასა და განვითარებას საგზაო უსაფრთხოების, ეკონომიკური ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების კუთხით. საწყისი ტრენინგების დასრულების შემდეგ, ,,Fleet Forum“-ის მიერ გადამზადებული „ეიპიემ ტერმინალს“-ის ტრენერები ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ. საქართველოსთვის პირველ, კერძო ინიციატივაში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ მონაწილეობას 500-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მიიღებს. 10 მაისს ღონისიძიებას ,,ეიპიემ ტერმინალსის“ ვიცე პრეზიდენტი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, შრომითი უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებში კევინ ფურნისი და გენერალური დირექტორი, კლაუს ჰოლმ ლოურენსი გახსნიან.