უფასო მედიკამენტების პროგრამა საქართველოში 25 ივლისიდან ამოქმედდება

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრამებს შორის უფასო მედიკამენტების პროგრამას ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნული პროგრამის მონაწილეები 2017 წლის ზაფხულიდან მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. ეს შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია კითხვამ, თუ რამდენი ბენეფიციარი შეიძლება ჰყავდეს უფასო მედიკამენტების პროგრამას. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების პროგრამის რეალური მოსარგებლე საშუალოდ, 150-200 ათასი ადამიანი იქნება. პროგრამა მწვავედ გააკრიტიკეს ოპონენტებმა, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა შესაძლოა მხოლოდ 5 ათასი იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ოპონენეტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სამინისტროში ყველაფერი სწორად აქვთ გათვლილი.

"მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალს, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტები გაიცემა - ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პროგრამების ჩამონათვალს ასეთი საინტერესო პროგრამა დაემატა. ის განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ. დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს ტენდერის პროცედურები და დაახლოებით 25 ივლისისთვის ჩვენი მოსახლეობის ეს კატეგორია თავის კუთვნილ მედიკამენტებს უპრობლემოდ მიიღებს", - აღნიშნავს მარინა დარახველიძე.

მისი თქმით, მედიკამენტები 24 დასახელებისაა და სწორედ ამ ოთხი ძირითადი ჯგუფის პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

"ამ პროგრამის არსი მოსახლეობის დაუცველი ფენის მდგომარეობის შემსუბუქებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ აღრიცხულია, რომ სიკვდილიანობის 94% სწორედ არაგადამდებ, ქრონიკულ დაავადებებზე მოდის, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამ პროგრამის პოტენციური ბენეფიციარების რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტებმა დაითვალეს, ჩვენი გათვლები მეცნიერულ მონაცემებზე და ექსპერტთა მოსაზრებებზეა დაყრდნობილი და უკვე ვიცით, რომ პროგრამის ფარგლებში 200 ათასამდე ადამიანის დაფინანსება შეიძლება. ასე რომ, ოპონენტების კრიტიკა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უფასო მედიკამენტების პროგრამა მომავალ წლებშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და სხვა სოციალური პროგრამების მსგავსად, ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას", - აღნიშნავს მარინა დარახველიძე.

ამ პროგრამის შეფასება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრს - მირიან წიკლაურს ვთხოვეთ.

"მსგავსი პროგრამები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის, დიდი შეღავათია. ვერ გეტყვით ვინ საიდან იანგარიშა ბენეფიციართა რაოდენობა, მაგრამ მე დავით სერგეენკოს უფრო ვენდობი, ვიდრე მის კრიტიკოსებს, რადგან ეს ადამიანი თავისი სიტყვას არ ღალატობს. ზოგიერთებს C ჰეპატიტის პროგრამაც არ მოსწონთ, ასევე არ მოსწონთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გაიძახიან, ამ პროგრამებზე ძალიან ბევრი ფული იხარჯებაო. ადამიანის ჯანმრთელობაზე ფული უნდა დაიხარჯოს, აბა სად უნდა დაიხარჯოს? კრიტიკოსების ერთი ნაწილი გაიძახის - ძალიან ბევრს ხარჯავთო, მეორე კი - ცოტას ხარჯავთო... მოკლედ, ენას ძვალი არა აქვს და ყველაფერს იტყვის, მაგრამ მე ექიმი ვარ და ამ სფეროს პრობლემები საკმაოდ კარგად ვიცი. ღუდუშაურის კლინიკაში ვმუშაობდი და უამრავი ადამიანი მინახავს კლინიკის ფოიესთან მოსული, რომელიც უკან ბრუნდებოდა, რადგან სამკურნალო ფული არ ჰქონდა. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ზოგჯერ გარეთ გავდიოდი და ისე ვსინჯავდი პაციენტებს. სხვათა შორის, მინისტრი მაშინ ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო - ჭიაბერაშვილი, რომელიც მსგავს სოციალურ პროგრამებს მწვავედ აკრიტიკებს. მე ვერავინ შემედავება იმაში, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ძალიან უჭირთ სამკურნალო პრეპარატების შეძენა, ამიტომ, ასეთი პროგრამები მათთვის საუკეთესო გამოსავალია.

პარლამენტარის თქმით, ვიღაც-ვიღაცებს სურთ კრიტიკით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ:

- იმასაც ამბობდნენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხა არ ეყოფაო, მაგრამ ვიმყოფინეთ, მერე კი როცა საჭირო გახდა, დავამატეთ. ამ შემთხვევაშიც, თუ საჭირო იქნება, დაფინანსებას გავზრდით. გვაკრიტიკებენ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტების გამიჯვნის გამოც, მაგრამ არ შეიძლება კაცს, რომელსაც ხელფასი 3 ათას ლარამდე აქვს და იმას, ვისაც 200 ლარი აქვს, ერთნაირი დაზღვევა ჰქონდეს. მე მაგალითად, შემიძლია და კიდეც მაქვს კერძო სადაზღვევო კომპანიის პაკეტი და არ ვცდილობ ჩემს სახელმწიფოს ჯიბეში ხელი ჩავუყო. თუ ჩვენი ბიუჯეტი იმდენად გაიზრდება, რომ ყველა ფენას დააფინანსებს, ამას რა ჯობია, მაგრამ დღეს დიფერენცირება აუცილებელია. ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, იმას უნდა ამოვუდგეთ მხარში და დავაფინანსოთ. რამდენიმე წლის წინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ხომ ამუშავდა? ისიც წარმოუდგენელი იყო, რომ C ჰეპატიტიტს მკურნალობა საქართველოში უფასო იქნებოდა, რადგან თითო პაციენტის მკურნალობა 20-დან 50 ათასამდე ღირს. საბედნიეროდ, ეს პროგრამაც მუშაობს და უამრავ ადამიანს შველის. კრიტიკოსები იყვნენ და იქნებიან, მთავარია, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და უფასო მედიკამენტების პროგრამის განხორციელებაც სავსებით რეალურია“ - აცხადებს წიკლაური.

ხათუნა ჩიგოგიძე