ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარის ბიუროს და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმების ერთობლივი აქცია გურულებისთვის

14 მაისის, 10:00-დან 18:00 საათამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ბიუროს ხელშეწყობით, შეკვეთილში ჩავლენ და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დოსტაქარში“ გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაციებს გამართავენ.

აქციაში მონაწილეობის მსურველთა შეკვეთილში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ტრანსპორტის ხარჯებს ნინო წილოსანის ბიურო გაიღებს.

„ვიფიქრეთ, რომ ჩვენი ინიციატივა ბევრს დაეხმარება. მიხარია, რომ ამ შემთხვევაში გვერდში დაგვიდგა საჩხერის სამედიცინო ცენტრი, რისთვისაც მადლობას ვუხდი დირექციას და თითოეულ თანამშრომელს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს ხალხს გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები მოემსახურებიან. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველა მათგანს, თუმცა ასევე მინდა ვუთხრა, რომ მე, ჩემი გუნდი და ჩვენთან ერთად, ბევრი კეთილი ადამიანი ყოველთვის ვდგავართ მათ გვერდით, ერთად კი ბევრ პრობლემას მოვერევით,“ - აღნიშნავს ნინო წილოსანი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები გურიის მოსახლეობისთვის „დოსტაქარში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ შემდეგი მიმართულებებით: კარდიოლოგია, მამოლოგია, გინეკოლოგია.

აქციის ფარგლებში, პათოლოგიების გამოვლენის და შემდგომში მკურნალობის მიზნით, პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

„შეკვეთილის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა გამოირჩევა უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული, ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული კაბინეტებით და აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა სამედიცნო გამოკვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ პაციენტები ექიმებისგან მიიღებენ მკურნალობის მიმართულებას,“ - აცხადებს საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების სამედიცინო მენეჯერი თამარ მელიქიძე.

bpn