4 ახალგაზრდა მეგობარი - თეონა ლეჟავა, მიშა ჩარკვიანი, ნუცა გუჩაშვილი და ირაკლი კაკაბაძე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა სტარტაპის შექმნაზე. ”მურიას” შექმნის იდეა კი ექსპრომტად დაიბადა.
”ბევრი ვიფიქრეთ, ათასი იდეა განვიხილეთ და უარვყავით. ცოტა ხნის წინ კი ჩვენი მეგობრის ძაღლს დაბადების დღეზე მაისური შევუკერეთ. მეგობარს ძალიან მოეწონა და გვითხრა, რომ საქართველოში არავინ აწარმოებს ძაღლის ტანსაცმელს, გამოწერას ბევრი დრო უნდა და ესეც საკმაოდ ძვირი ჯდება, ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხელმისაწვდომია და კარგი იქნებოდა გაგვეგრძელებინა ეს საქმე. ასე გადავწყვიტეთ შეგვექმნა პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ძაღლების ჩაცმის სტილსა და კომფორტზე იზრუნებს. სახელიც მალევე მოვიფიქრეთ, ლოგოც დავამზადეთ და პირველი კოლექცია შევკერეთ,” – ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს ”მურიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა ჩარკვიანი.
სტარტაპერებმა საქმიანობა ერთი თვის წინ დაიწყეს და მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში დაინტერესება საკმაოდ დიდია. მრავლადაა შეკვეთები როგორც ტანსაცმელზე, ისე ავეჯზე. „მურია“ მომხმარებლებს ძაღლებისთვის როგორც ყოველდღიურ, ისე სადღესასწაულო ტანსაცმელს, აქსესუარებსა და საწოლებს, ბაფთებს, ყელსაბამებსა და პუფებს სთავაზობს.
”იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ცნობადობის ზრდის პარალელურად, მომხმარებლების რაოდენობაც გაიზრდება. ახლა საზაფხულო კოლექციას ვამზადებთ: ქუდებს, ჩანთებს, პირსახოცებს, აქსესუარებს, პერანგებს, მოკლედ ყველაფერს, რაც ძაღლებს არდადეგებზე დასჭირდებათ. შემოდგომაზე ზამთრის კოლექციას დავამზადებთ, რომელსაც „ჯეკაია“ ერქმევა. ვაპირებთ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო პროექტის გაკეთებას. ბევრი გეგმა გვაქვს, რომლებიც ძაღლებისა და მათი პატრონების ურთიერთობას კიდევ უფრო საინტერესოს და ხალისიანს გახდის”, - ამბობს ნუცა გუჩაშვილი.
სტარტაპერებმა გარკვეული პოპულარობა მოკლე პერიოდში მოიპოვეს. თუმცა მათთვის საქმიანობის დაწყება და მართვა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.
”ჩვენს შემთხვევაში ყველაზე რთული საქმის შესწავლა იყო. არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა, როცა მურიებისთვის ტანსაცმელს კერავ. ყველა ჯიშს განსხვავებული ზომისა და სპეციფიკის ტანსაცმელი სჭირდება. არსებობს მასალები, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება. საქმიანობის პროცესში ისეთი რამეების გათვალისწინება გვიწევს, რაზეც თავიდან არ გვიფიქრია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაკარგო მოთმინება და შეინარჩუნო ხარისხი,” - აღნიშნავს თეონა ლეჟავა.
თავად დამფუძნებლები დიდი ხნის მეგობრები არიან. თეატრში ერთად მუშაობენ. მიშა რეჟისორია, დანარჩენები კი მსახიობები. ამჟამად პრემიერისთვის ემზადებიან და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებენ ”მურიასთვის” დროის გამოძებნას. რეპეტიციების შემდეგ ახალ იდეებზე მუშაობენ და სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავენ.
ნანა მღებრიშვილი