საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაშიც 500 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გროს ენერჯი ჯგუფის" ხელმძღვანელმა, ანგული ტყებუჩავამ განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მცირე ჰესის მშენებლობა უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება, რომელთა დასრულების დრო დაახლოებით, 2-3 წელიწადია.

"ყველაზე მასშტაბური 114 მეგავატი სიმძლავრის ტეხურას კასკადია, რომელშიც დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მდინარე ხაიშურაზე 35 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, შედარებით მცირე, 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენდება. ვგეგმავთ რამდენიმე კიდევ უფრო მცირე ჰესის მშენებლობას, ესენია 1,5 მეგავატის სიმძლავრის ხოხნის კასკადი 6 მილიონი დოლარის ინვესტიციით და მდინარე ბუჯაზე 5,7 მეგავატის სიმძლავრის ჰესები, რომლებიც 6,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავენ. ახლო მომავალში მშენებლობის დაწყების პერსპექტივა დანარჩენ ჰესებსაც აქვთ," - განმარტავს "გროს ენერჯი ჯგუფის" ხელმძღვანელი.

ანგული ტყებუჩავას თქმით, მცირე ჰესების პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს

და მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დეველოპერებს როგორც წესი, 2-3 წლის ვადა ეძლევათ იმისათვის, რომ მშენებლობა დაასრულონ.

"გროს ენერჯი ჯგუფი" 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ახდენს. კომპანია საინვესტიციო წინადადებების დონეზე პროექტებს ამზადებს და ენერგეტიკის სამინისტროს აწვდის.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო ALLNEW.GE