თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღება მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამ მხრივ არის კატასტროფული მდგომარეობა - მოსახლეობის 34% მწეველია და ყოველწლიურად, 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონის კომენტირებისას განაცხადა.
გუგული მაღარაძის განმარტებით, საჯარო თავშეყრის ადგილებში, სადაც არამწეველებს უწევთ ყოფნა, თამბაქოს კვამლიდან გამომდინარე ხდებიან „პასიური მწეველები“ და ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები.
„ამ კანონის მიღება ძალიან საჭირო იყო. ძალიან ძნელი იყო ამ კანონის მიღება იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, მსგავსი კანონები არ იყოს. ერთი მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მეორე მხრივ, თამბაქოს ინდუსტრია მუდმივ ბრძოლაშია, როცა მსგავს კანონებს იღებენ. ეს არის გლობალური ბრძოლა იმისათვის, რომ თამბაქოს მოხმარება არ შემცირდეს და შემოსავალი არ მოაკლდეს თამბაქოს ინდუსტრიას. იწერებოდა კანონი, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდებოდა. გამომდინარე აქედან, საქართველოში საკმაოდ რთული იყო ამ კანონის მიღება. ამიტომ, ჩვენ კანონში არ დავტოვეთ „ხვრელები“ და არ დავუშვით სპეციალური მოსაწევი ადგილები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე განმარტებით, როგორც კი მოსაწევ ადგილებს დაუშვებ, კანონი აღარ იმუშავებს, იმიტომ, რომ „თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“.
„როგორც კი არის ადგილი „სპეციალური მოსაწევი“, თამბაქო გავრცელდება ყველგან. გარდა ამისა, არათანაბარ პირობებში დგება ორგანიზაციები. მთლიანი აკრძალვა დახურულ შენობებში, ეს არის ძალიან ეფექტური. მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში შეიძლება მოწევა, 20% სასტუმროებში, პენიტენციალურ სისტემასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. გარდა ამისა, ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარე, ლიცენზირებულ კაზინოებსა და სიგარა ბარებშიც შეიძლება მოწევა, იმიტომ, რომ ეს არის სპეციალიზირებული სფერო“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მაღრაძის განცხადებით, თამბაქოს რეკლამირებაზე აკრძალვა 2019 წლიდან ამოქმედდება.