თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება ომის ვეტერანების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.
,,ძალიან დიდია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ერთიანობისთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა დღეს შემორჩენილი ამ ადამიანებისა. ჩვენ, ერთი მხრივ, ვიხსენებთ მათ, ვსაუბრობთ მათ ღვაწლზე, ხოლო მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ჯანმრთელად არიან, ვულოცავთ დღევანდელ დღეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და უზრუნველყოფილნი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვაკის პარკში ღონისძიებაზე თბილისის მერის მოადგილეები, გიგა ნიკოლეიშვილი და ნინა ხატისკაცი, ვაკის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 326 ვეტერანს 600-600 ლარი ჩაერიცხა.