სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია iPhone+ -ს “აიტექნიკის” სასარგებლოდ 890 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ინფორმაციას ამის შესახებ iClub.ge ავცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია შიოშვილმა გუშინ გამოიტანა, რითაც „აიტექნიკის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
iPhone+-ის დამფუძნებლის მამუკა მარღიშვილის განცხადებით, “აიტექნიკის” სასარგებლოდ 890 000 ლარის გადახდასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, კომპანიებს შორის სასამართლო დავა გასულ წელს დაიწყო. „აიტექნიკი“ კომპანია "აიფონ პლუსს" უკანონო ქმედებებში ადანაშაულებდა. მათი ცნობით, iPhone+ -ს წარმომადგენლებმა შექმნეს ყალბი ვებ გვერდი itechnics.ge და თავიანთი მიზანმიმართული მოქმედებებით მიაღწიეს იმას, რომ „iTechnic”-ის ოფიციალური გვერდი ”Facebook”-ზე დარეპორტებულიყო, სანაცვლოდ მათ შექმნეს გვერდები სახელად: ”მატყუარა iTechnic”- და ”iTechnic”-ის დუბლიკატი ვებ-გვერდი, სადაც იტვირთებოდა ათასგვარი სისულელე“.
„აიტექნიკის“ სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერ კიდევ გასულ წელს "აიფონ პლუსს" 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. თუმცა, მაშინაც და ახლაც iPhone+ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს.
კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც წილები ოფიციალურად ცოლის ძმის, ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.