რუსთავში, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე რუსთაველი ვეტერანები ამ დღის აღსანიშნავად ,,დიდების ხეივანში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ.
ვეტერანებთან ერთად, მემორიალთან რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, ქვემო ქართლის გუბარნატორის მოადგილე ნუგზარ სალია და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათ რუსთაველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
,,დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ამ დღემ მსოფლიოს ისტორია რადიკალურად შეცვალა. ჩვენ ტრადიციულად გმირთა მემორიალთან შევიკრიბეთ და ჩვენს ვეტერანებს მივულოცეთ ეს დღე“, - განაცხადა რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ.
დღესვე, რუსთაველი ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო სადილზე მიიწვიეს. რუსთავის თვითმმართველობისგან მათ პირად ანგარიშზე საჩუქრად 100-100 ლარი დაერიცხათ. რუსთავში დღეისათვის 86 ვეტერანი ცხოვრობს.