ყირიმის "ხელისუფლებამ" რუსულ რუბლზე გადასვლის შესახებ განაცხადა

ყირიმის "ხელისუფლება" აპრილიდან რუბლზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ "Крым ТВ"-ის ეთერში ყირიმის თვითაღიარებულმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რუსტამ ტემირგალიევმა განაცხადა.

"აპრილის პირველი რიცხვებიდან ყირიმელები შეძლებენ, ხელფასი და პენსია რუსულ რუბლში აიღონ", - აღნიშნა რუსტამ ტემირგალიევმა.

ყირიმში გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას. კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?

ეზგიტპოლის შედეგის თანახმად, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით შედგა. ამასთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში", - ნათქვამია განცხადებაში.

ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს არც თეთრი სახლი. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ არ ვაღიარებთ რეფერენდუმს, რომელიც უკრაინის ნაწილში – ყირიმში ჩატარდა. ეს რეფერენდუმი წინააღმდეგობაში მოდის უკრაინის კონსტიტუციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს შედეგებს, რომელიც ძალადობისა და რუსეთის სამხედროების ჩარევის შედეგად დადგა", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო. როგორც ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობების სახელით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარება ყირიმის მომავალ სტატუსზე უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

"რეფერენდუმი არაკანონიერი და არალეგიტიმურია და მისი შედეგები არ იქნება აღიარებული. კრიზისიდან გამოსავალი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი შესრულების ჩარჩოებში. მხოლოდ ერთად მუშაობით, დიპლომატიური პროცესის მეშვეობით, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს შორის, შევძლებთ კრიზისიდან გამოსავალი გზის მოძებნას. ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ევროპის კონტინენტზე და ის გააგრძელებს ამ მიზნების მიღწევას ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. ჩვენ კვლავ ვგმობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას და მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი შეიარაღებული ძალები კრიზისამდე არსებულ რაოდენობამდე დაიყვანოს და მოახდინოს მათი გადაყვანა მუდმივი დისლოცირების ადგილზე, როგორც გათვალისწინებულია სათანადო ხელშეკრულებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიზისის განსახილველად დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და დამატებითი ზომების მიღების საკითხს განიხილავენ.