შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი - დასკვნა მომზადდება, რამდენად იყო დაცული შახტაში შრომის უსაფრთხოების კუთხით ნორმები

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილს კომპლექსურად სწავლობენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა.

”ადგილზე არიან ინსპექტორები. პირველად მოხდა დათვალიერება. ამ დათვალიერების შედეგად ჯერჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენთან ერთად ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება. დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით”, - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

გუშინ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. ლიფტში 4 მეშახტე იმყოფებოდა. დაღუპული მეშახტეების ცხედარი ნაპოვნია. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.