რა შეიცვლება საფინანსო ბაზარზე საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ?

საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციულ ბანკებზე სანქციების დაწესებამ შესაძლოა მდგომარეობა შეცვალოს და მომხმარებლები მეტად დაცული გახდნენ.

აქამდე ბანკები არ ჯარიმდებოდნენ და სტატისტიკური მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ მსესხებელთა პრეტენზიების უდიდესი ნაწილი დაუკმაყოფილებელი იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ბანკების მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ამით მომხმარებელთა უფლებები უფრო ნაკლებად დაირღვევა.

კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში ცვლილებები შევიდა. ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 ლარით დაჯარიმდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ 2017 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 2 857 განცხადება შევიდა, რაც 5,9%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. შარშანწინ ბანკებს პრეტენზიით 2 697-მა ადამიანმა მიმართა.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან ბანკებმა მხოლოდ 20% (571 განაცხადი) მიიჩნიეს საფუძვლიანად და დავა მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, 79,8%-ის შემთხვევაში კი (2 281 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია. 2015 წელს საფინანსო სტრუქტურებში პრეტენზიების 28% (773 განაცხადი) მიიჩნიეს საფუძვლიანად, დანარჩენი 72% (1923 განაცხადი) კი - უსაფუძვლოდ და განხილვა შეწყვიტეს.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მომხმარებლის საჩივრების მიმართ ბანკები უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას იჩენენ. შარშან, 2015 წელთან შედარებით, 200 განაცხადით ნაკლები დაკმაყოფილდა.

2016 წელს მოსახლეობა უმეტესად პრეტენზიას გამოთქვამდა საკრედიტო ბარათის (298 განაცხადი), მიმდინარე ანგარიშებისა (697 განაცხადი) და სამომხმარებლო სესხის (414 განაცხადი) მიმართ საჩივრების შინაარსის მიხედვით. შემოსული განცხადებების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი კომერციული ბანკების მიმართ სანქციების გამკაცრებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი თქმით, ბანკებისათვის დაკისრებული ჯარიმებით მომხმარებელთა უფლებების დაცვა უფრო მოხერხდება.

"სტატისტიკური მონაცემები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა ორგანომ, ყველა სამართლებრივი განაცხადი უნდა განიხილოს და დააჯარიმოს კომერციული ბანკი. არის ზოგიერთი მომენტი, როდესაც ბანკები ნამდვილად დაჯარიმდებიან. მაგალითად, თუკი მომხმარებელს აქვს 12 თვის განმავლობაში გამოუყენებელი პროდუქტი საკრედიტო ბარათის სახით და არ იყენებს მას. ასეთ შემთხვევაში მათ საურავი ერიცხებოდათ, ახლა კი მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

პირადად მე კომერციული ბანკების მიმართ სანქციების გამკაცრებას მივესალმები, რადგან მომხმარებელთა ინტერესის დაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ბანკების. დასამალი არ არის, რომ ბანკები თავიანთ სასარგებლოდ მსესხებელთა უფლებებს ხშირად არღვევდნენ. მისასალმებელია, რომ სებ-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მომხმარებელთა დაცვის კუთხით", - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ონლაინ სესხების მიმართულებით ფიქსირდება. მომხმარებელთა უმრავლესობას უჭირს განსხვავების დანახვა კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის. ასეთი ვითარება ფინანსური განათლების ნაკლებობითაა გამოწვეული.

"ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მომხმარებლები რეკავენ და სესხის აღებამდე წინასწარ პროცედურას არკვევენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ონლაინ სესხებს უკავშირდება. კომერციული ბანკის შემთხვევაში კი სამომხმარებლო და საკრედიტო ბარათებზეა საჩივრები. ეს ჩვენი მონაცემებია და ემთხვევა ეროვნული ბანკის სტატისტიკას.

გაცილებით ნაკლები პრობლემებია უზრუნველყოფილი სესხების კუთხით. როდესაც გრძელვადიან სესხს იღებს მომხმარებელი, შედარებით დეტალურად ეცნობა ხელშეკრულების მუხლებს. მოკლევადიან ვალდებულებაზე ასე არ იქცევიან, უცებ აწერენ კონტრაქტს ხელს და ამიტომაც იმატებს პრეტენზიების რაოდენობაც. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ეკონომიკური განათლების ნაკლებობის შედეგია. უმეტესობა არ არის საქმის კურსში, თუ რას აწერს ხელს", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მან ეროვნული ბანკის ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომერციული ბანკებისადმი სანქციების შემოღება მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.

"კომერციულ ბანკებს დაუწესდებათ სანქციები და თითოეული დარღვევა, რომელსაც სებ-ი გამოავლენს, არ დაიმალება და ბანკები დაჯარიმდებიან. მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი აუცილებლად დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც, ერთი მხრივ, ბანკები ფრთხილად იქნებიან და, მეორე მხრივ, მსესხებელიც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯარიმა შეეხება ყველა ფინანსურ ინსტიტუტს, იქნება ეს კომერციული ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მათი მომხმარებლები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც კომერციული ბანკისგან მომსახურებას ვერ იღებს ან ისინი, რომლებიც სხვაობას ვერ ხედავენ ამ ორ საფინანსო სექტორს შორის", - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"