ბიტკონის ფასმა 1 700 დოლარს გადააჭარბა

„ბიტკოინის“ ფასმა 1 700 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ Coindesk ავრცელებს.

ციფრული ვალუტის ფასის ზრდა რამდენიმე კვირაა გრძელდება. Coindesk-ის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდამ 43% შეადგინა. წინა წლის მონაცემთან შედარებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,16 მილიარდი დოლარიდან 27,9 მილიარდი დოლარამდე გაიზარდა.

ვალუტის ზრდასა და მასშტაბზე ასევე მოქმედებს მისი მოთხოვნადობის გაზრდა. მაგალითად, იაპონიის გადაწყვეტილებამ „ბიტკოინის“, როგორც საგადასახადო ვალუტის ლეგალიზაციის შესახებ, გამოიწვია მისი პოპულარობის ზრდა. შედეგად იაპონური იენით „ბიტკოინების“ ყიდვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ/კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

2016 წლის მონაცემებით, მიმოქცევაში თითქმის 15,5 მილიონი ბიტკოინია. ბიტკოინით ინტერნეტში პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.