კომპანია ,,საქნახშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას ხელი შეუწყოს , - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია ,,საქნახშირის“ მიერ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია ,,საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.
,,მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. კომპანიას მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება. თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო. კომპანია გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.