საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციაში.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბების 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა, 2 025-მა კი დაზიანება მიიღო.
”2016 წელს 200 000 ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარეს წარმოადგენს 50 კმ/სთ-ში, საქართველოში კი 60 კმ/სთ-ში (კანონი 15 კმ/სთ-ში დამატების უფლებას გვაძლევს).
50 კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80 კმ/სთ შეჯახება 60%-იან დაღუპვის რისკს წარმოშობს.
საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50 კმ/სთ-იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30 კმ/სთ”, - აღნიშნულია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციაში.
”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!” - ამ გზავნილით ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს კონფერენციით აღნიშნავს.