ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, რომელიც 2013- 2016 წლებში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საქართველოში, დონალდ ტრამპის მიერ გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს.
სტატიაში, სახელწოდებით „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და გავლენა ხალხზე გლობალური მასშტაბით“ ავტორი აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწტვეტილებას აფასებს, როგორც დიდ შეცდომას, ვინაიდან ასეთი პროგრამები ადამიანებს შორის სხვადასხვა სპექტრის დიპლომატიური ურთიერთობების წარმოების საშუალებას იძლევა.
„პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ კეთილგანწყობის დამოკიდებულება დაამკვიდრონ აშშ-ის მიმართ და გააძლიერონ ოკეანის მიღმა პარტნიორების უსაფრთხოება, სტაბილურობა და მდგარადობა. სამხედრო, პოლიტიკური, კომერციული, მეცნიერული თუ სხვა სახის გაცვლების წყალობით, აშშ ეხმარება ნიჭიერ პირებს, რომ გახდნენ უფრო ეფექტური ლიდერები, რაც თავის მხრივ, სარგებლიანია ამერიკისთვისაც. ასეთი ხალხის ხელშეწყობის მეშვეობით, პოტენციურად მცირდება აშშ-ის ფინანსური დახმარების საჭიროების აუცილებლობაც, ვინაიდან, მათ უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ რიგი პრობლემების გადაჭრა თავიანთ ქვეყნებში“, - წერს საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი.
როგორც ჰოლი ამბობს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ღირებულია არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ აბსოლუტურად ეხმიანება ტრამპის სურვილს, რომ ამერიკა აღარ იყოს „მსოფლიო პოლიციელი“.
„დღესდღეობით პროგრამების როლი კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსოფლიოში სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურები ძლიერდება, რაც აშშ-ს ლიდერის პოზიციას და გლობალურ უსაფრთხოების ინსტიტუტებს ასუსტებს.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, აშშ-ივე იხარჯება. ბენეფიციარებს ხშირად უწევთ თანხების „დაბრუნება“ , რაც გულისხმობს გარკვეულ საზოგადოებრივ სამუშაოებს აშშ-ის ფარგლებში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი პროგრამა არის ორმხრივი, რაც გულისხმობს იმას, რომ არამხოლოდ უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ შანსი ამერიკაში მოიპოვონ დაფინანსება, არამედ პირიქითაც.
როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მე თავად ვიყავი თვთმხილველი ასეთი პროგრამების ზეგავლენის. ამ პატარა ქვეყნის 34 ამჟამინდელი ან ყოფილი მინისტრი არის აშშ-ს პროგრამის კურსდამთავრებული, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ასევე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ასეთი ოფიციალური პირების მეშვეობით საქართველომ განიცადა ტრანსფორმაცია მზარდ დემოკრატიამდე ღრმად კორუმპირებული ქვეყნიდან, როგორიც იყო 2000-იანი წლის დასაწყისში. შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის, რომ დღესდღეობით საქართველო ამერიკის ერთ-ერთი მყარი მოკავშირეა რეგიონში და მათი უსაფრთხოებითი პარტნიორობა ძვირად ფასობს საერთაშორისოდ. მაგალითად, საქართველო სამხედროებს აგზავნის ავღანეთსა და ერაყში, აშშ-ს ჯართან ერთად საბრძოლველად. ან ის, რომ საქართველო არჩეულია , როგორც სასურველი მარშრუტი მილგამყვანი მულტიმილიარდული პროექტისთვის კასპიის ზღვიდან დასავლეთ ევროპამდე“, - წერს ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მაგალითი ვრცელდება სხვა ქვეყნებზეც. როგორც სტატიაშია ნათქვამი, საერთაშორისო გაცვლების ალიანსის ცნობების მიხედვით, რომელიც 92 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, დაფინანსების პროგამრამების კურსდამთავრებულებს შორის მთავრობების 565 ყოფილი ან დღევანდელი წარმომადგენელი, ნობელის პრემიის 82 ლაურეატი, გაეროს 58 ელჩი , 26 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, და კონგრესის 89 წევრია. მხოლოდ 2015-2016 წლის მონაცემებით, უცხოელმა სტუნდეტებმა ამერიკის ეკონომიკას 32.8 მილიარდი აშშ დოლარი შესძინეს და შექმნეს 400 000 სამუშაო ადგილი.
„სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამები ასევე მხარს უჭერენ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობებსაც. მაგალითად, პენტაგონის საერთაშორისო სამხედრო გაცვლითი ტრენინგი (IMET), რომელიც აუმჯობესებს აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამხედრო ურთიერთობებს, ან ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამა, რომლის მიზანია ექსპერტების გლობალური ქსელის შექმნა, რომლის მეშვეობით აშშ-ს შეეძლება უფრო ეფექტიანი თანამშრომლობა ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრისთვის.
უფრო მეტი შესაძლებელია გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პროგრამების მიმართ ცნობადობა გაიზარდოს, როგორც აშშ-ში ისე მის ფარგლებს გარეთაც. შესაძლებელია, მათ ითამაშონ უფრო დიდი სტრატეგიული როლიც, უფრო მეტი ფულით იმ ქვეყნებისთვის ან რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადია.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამები შეიძლება გაუმჯობესდეს, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი მათ ღირებულებაში“, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში. როგორც ავტორი სტატიის ბოლოს ამბობს, ასეთი გაცვლითი პროგრამები არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ერთმა დახარჯულმა დოლარმა, მომავალში გაცილებით მეტი შეიძლება მოიტანოს.