დიმიტრი ცქიტიშვილი - არ შეიძლება მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ვიყოთ

არ შეიძლება მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ვიყოთ , - აღნიშნული განცხადებით უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, უნდა გადაიდგას ნაბიჯები როგორც “შრომის კოდექსში“ ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემოტანის თვალსაზრისით, ასევე აღსრულების მექანიზმებისა და შრომის ინსპექციის გაჯანსაღების მიმართულებით.

ცქიტიშვილის თქმით, უბედური შემთხვევისგან არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის, მაგრამ მსგავსი ტრაგედია მართლა უბედური შემთხვევის შედეგად შეიძლება ხდებოდეს და არა ვიღაცის მიერ რაღაცის გაუთვალისწინებლობის გამო.

“ეს სამწუხარო რეალობა დაწყებულია დიდი ხნის წინ, როცა შრომის რეგულაციები მოიშალა. 2005 წელს დაიწყო რეფორმა თითქოსდა, ინვესტიციების წახალისების მიზნით. რეალურად კი, მნიშვნელოვანი არაფერი შექმნილა არც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით - 12%-იანი უმუშევრობა 15%-იანი გახდა გახდა. ძალიან ლოგიკური იყო, როცა 2013 წელს პირველი ცვლილებები მივიღეთ “შრომის კოდექსში“ და გარკვეულად ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდით“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ტყიბულის მინდელის შახტაში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ოთხი მეშახტე დაიღუპა.