სამწუხაროდ, საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი ხდება თბილისში გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში რეგისტრირებული მანქანების უდიდესი ნაწილი - 40%-ზე მეტი თავმოყრილია დედაქალაქში , - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, თბილისის მერია სამი მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ემსახურება.
"ბუნევრივია, თბილისის მერია უერთდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე აპელირება, ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გზებზე მოძრაობის დროს არის ასევე მთავარი მომენტი.
თბილისის მერია ჩართულია სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, რომელიც გულისხმობს საგზაო მოძრაობის კომპონენტში სამოქმედო გეგმის შემუშავებას. სამი ძირითადი მიმართულებაა, რის შესახებაც მერია მუშაობს: 1. უსაფრთხო გზები; 2. უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 3. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გზებზე.
პირველ კომპონენტში ჩვენ ვახორციელებთ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაწილში მიმდინარეობს ავტობუსების განახლების პროგრამა და ასევე, მეტროს მოდერნიზების პროგრამა. უფრო მეტი პასუხისმგებლობის ნაწილში კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ საზოგადოებრივ კამპანიებს, რომელიც მოუწოდებს მძღოლებს და ქვეითებს უფრო მეტი სიფრთხილისკენ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!” - ამ გზავნილით ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს კონფერენციით აღნიშნავს.