რომან კაკულია - იკვეთება მოსაზრება, რომ შესაძლოა, ტყიბულის შახტაში ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას

იმ ინფორმაციაზე დაყრდობით, რაც ჩვენ თვითმხილველებისგან გვაქვს, იკვეთება ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა, ტყიბულის შახტაში ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე , - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

დეპუტატმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ყველაფერს გამოძიება შეისწავლის. წინასაწარი მონაცემებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდობით, რაც ჩვენ თვითმხილველებისგან გვაქვს, იკვეთება ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე, მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და გამოძიება დაადგენს ყველაფერს“,- განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა.

„შრომის ინსპექტირების ყველაზე მთავარი ხარვეზი, რაც დღეს ალბათ არსებობს, მისი არასავალდებულობაა და კანონის მიხედვით, ის უნდა გახდეს სავალდებულო.

როგორც მე ვიცი, ამ შახტის, უკანასკნელად 2011 წლის მარტში იყო შემოწმება გაკეთებული, მაგრამ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და რეაგირება იქნება აბსოლუტურად ადეკვატური. არსებობს ძალიან მკაფიოდ გაწერილი ნორმები და ვალდებულებები, რომელიც წიაღის მომპოვებელს ეკისრება ასეთ მდგომარეობაში. რამდენად იყო ეს დაცული, ყველაფერი დადგინდება გამოძიების მიერ“,- განაცხადა კაკულიამ.