კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მთავარ ექსპერტთან ერთად , კონკურენციის საერთაშორისო ქსელის 2017 წლის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან, რომელიც 10-12 მაისს ქალაქ პორტოში იმართება.
როგორც კონკურენციის სააგენტოდან იუწყებიან, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, მსოფლიო ბანკის მოწვევით, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის წინასწარ ფორუმს - "ახალი ტენდენციები გლობალური კონკურენციის პოლიტიკაში" დაესწრო.
ფორუმი მსოფლიო ბანკის ჯგუფის, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის ანტიტრასტის კომიტეტისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თანაორგანიზებით, 9 მაისს, პორტოში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, კონკურენციის სფეროში წამყვანმა ექსპერტებმა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და პროცედურული სამართლიანობის საკითხები, გამოწვევები და ინიციატივები განიხილეს.
„ფორუმის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ბაზარზე რაც უფრო მეტი საერთაშორისო და გლობალური კომპანიაა წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის საჭიროება მით უფრო მატულობს. ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება და ერთობლივი ძალებით საქმის მოკვლევის განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ვაჭრობისა და კონკურენციის გლობალური პრაქტიკის დორექტორს, კლაუს ტილმესს, კონკურენციის პოლიტიკის წამყვან სპეციალისტს, მარტა მარტინეს ლიცესტის, უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის თავმჯდომარეს, იური ტერენტიევს, თურქეთის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტს, ომერ ტორლაკს და სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს, არტაკ შაბოიანს შეხვდა.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.