„ეს ადამიანები ჰაერში არიან გამოკიდებული“ – თეთრიწყაროში 40 ოჯახს საცხოვრებელი სახლის დაცლა უწევს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ 40 ოჯახს საცხოვრებელი სახლის დაცლა უწევს.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ირაგის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან მარგველანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თითოეულ ამ ოჯახს სახლის მეპატრონე დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი საბერძნეთშია და აგვისტომდე სახლების დაცლა მოსთხოვეს.

იმისათვის, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფომ ეკომიგრანტი საცხოვრებელი ადგილით დააკმაყოფილოს, მოქალაქეს მინიმუმ 17.5 ქულა უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ქულების მინიჭება ყოველ ოჯახზე კონკრეტული ინფორმაციის მოძიებით ხდება. მარგველანის თქმით კი, აღნიშნულ 40 ოჯახს დაბალი ქულები აქვთ.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კოტე რაზმაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით დღეს 4 ათასამდე ეკომიგრანტია, რომლებიც საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ელიან.

მისივე თქმით, წალკაში და თეთრიწყაროში მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი ეკომიგრანტი არ არის და მცირემიწიანობისა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო არიან ჩასახლებულები.

ეკომიგრაციის დეპარტამენტში ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, ჯიგრაშენში მცხოვრები პირებიდან რამდენია ეკომიგრანტი, რადგან როგორც აღნიშნავენ მონაცემთა ბაზა შედგენილია იმის მიხედვით, თუ საიდან არის ოჯახი და არა იმის მიხედვით თუ სად არის ჩასახლებული.

რაც შეეხება, ამ 40 ოჯახს, რომელსაც დღე-დღეზე გამოსახლება ელოდება, რაზმაძის ცნობით, მათი ვინაობის ცოდნის გარეშე რთულია იმის თქმა, არიან თუ არა ისინი ეკომიგრანტები.

„მათგან ერთ-ერთს აქვს ქულები მინიჭებული, თუმცა 17.5 ქულაზე ნაკლები და შესაბამისად, წელს ვერ ვაკმაყოფილებთ საცხოვრისით. ოჯახები ეკომიგრანტებად არ ითვლებიან თუ გეოლოგიური, სტიქიური უბედურებების (მეწყერი ღვარცოფი და ა.შ.) მიზეზებით არ არიან დაზარალებულები და გადაადგილებულები. წალკაში და თეთრიწყაროში ჩასახლებულები ამბობენ, რომ ბევრი დედმამიშვილი იყვნენ და ამიტომ დატოვეს პირვანდელი საცხოვრებელი. დაახლოებით 10 წლის წინ მათ მთავრობა სახლების შესყიდვას დაპირდა. ვერ გეტყვით თუ რა გახდა საფუძველი და რატომ მისცა სახელმწიფომ ამ ადამიანებს საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პირობა. თუმცა, როდესაც ბიუჯეტის სწორად ხარჯვის საკითხი დადგა, ჩვენ დავადგინეთ რომ ამ ადამიანთა უმეტესი ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებული პირები არ არიან,“-აღნიშნა რაზმაძემ.

კითხვაზე - თუ რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, ვინც წინა მთავრობისაგან საცხოვრისით უზრუნველყოფის პირობა მიიღო და დღეს ღია ცის ქვეშ დარჩენის საშიშროების წინაშეა, საპასუხოდ რაზმაძე აცხადებს, რომ „თუ ეს ოჯახები სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას არ ექვემდებარებიან, როგორ წარმოგიდგენიათ მათზე სახელმწიფომ ბიუჯეტი დახარჯოს?!“.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (სენი) წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიკო წიქორიძის თქმით, გამოსახლების პრობლემა ყოველწლიურად დგება გაზაფხულისა და ზამთრის პერიოდში, რადგან ადგილობრივი ბერძნები საკუთარ სახლებში სწორედ ამ დროს ბრუნდებიან.

როგორც წიქორიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნბიშნავს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეკომიგრაციის თემაზე საუბრისას ისაა, რომ სამართლებრივად ამ ადამიანთა სტატუსი განსაზღვრული არ არის.

„ეს ადამიანები არც დევნილები არიან და არც რაიმე სტატუსს ფლობენ. კანონში მათი სტატუსის განმსაზღვრელი ერთი წინადადებაც კი არ არსებობს. 2015-2016 წლებში შეიქმნა კანონპროექტი, რომელიც ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა, თუმცა პროექტის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. ეს ხალხი არის ჰაერში გამოკიდებული და ასე იქნება მანამ, სანამ სახელმწიფო კონკრეტულ ქმედებას არ მიმართავს,“- აღნიშნა წიქორიძემ.

თაია არდოტელი