”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი იხილავს, Japan Tobacco International (JTI) გამოეხმაურა. კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების (პიქტოგრამების) დატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო. კოლოფზე ბრენდის წარწერა დაშვებული იქნება მხოლოდ ქართული ასოებით და სტანდარტული შრიფტით.
JTI -ში აცხადებენ, რომ კომპანია მიესალმება რეგულაციებს, რომელიც საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და თანხვედრაშია როგორც სახელმწიფოს გაცხადებულ მიზნებთან, ისე კერძო სექტორის კანონიერ ინტერესებთან და ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისოდ აღიარებული უკეთესი რეგულირების პრინციპებს.
სამწუხაროდ, პარლამენტში მიმდინარე თამბაქოს კონტროლის კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ბევრ კითხვას ბადებს. ეს პროცესი გამჭვირვალებისა და საზოგადოების თუ ბიზნესის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. განსაკუთრებით პრობლემურია, სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ ჩანაწერის შემოღება, რომლის შესახებაც მხოლოდ მეორე მოსმენის შემდეგ გახდა ცნობილი. განხილვაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია, მტკიცებულება ან კვლევის შედეგი, რომელიც სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღების მიზანშეწონილობას გაამართლებდა. კონსულტაციები ბიზნესთან კი საერთოდ არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვიჩნდება კითხვა, რამდენად სწორია კომპანიისთვის სასაქონლო ნიშნით სარგებლობის სრული და რადიკალური შეზღუდვა და რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული მოთხოვნა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან.
საერთაშორისო ვალდებულებები, სადაც მსგავსი მოთხოვნა არ ფიგურირებს
გასათვალისწინებელია, რომ ”თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიაში”, რომელიც აყალიბებს სახელმწიფო სამოქმედო გეგმას თამბაქოს კონტროლის კუთხით, საერთოდ არ ფიგურირებს სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ ჩანაწერი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, 2020 წლისათვის სავალდებულოა 2014/40/EU დირექტივასთან აპროქსიმაცია, რომელშიც, ასევე, არ არის სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ მოთხოვნა. მეტიც, საკითხი, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მოთხოვნებსაც სცილდება.საერთაშორისო გამოცდილება და ტექნიკური მხარე
პლენარულ სხდომაზე თამბაქოს კონტროლის კანონპროექტის 2 მოსმენით განხილვისას გახმოვანდა, რომ სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა შესაძლოა 2018 წლის 1 იანვრიდან გახდეს სავალდებულო. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ სტანდარტს ამ დროისთვის ბაზარზე არსებული თამბაქოს ყველა პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ცვლილების აღსრულებისთვის გათვლილი ამ ვადითაც ნათლად ჩანს, თუ რამდენად გაუაზრებლად ხდება ახალი ნორმის შემოღება. ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის ცალსახაა, რომ საწარმოო პროცესის სპეციფიკა სრულად იგნორირებულია.ამჟამინდელი კანონპროექტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემდეგ მთავრობამ შეფუთვაზე დასატანი სურათები და შეფუთვის სტანდარტიზებული დიზაინი უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს. ბიზნესი შიდა საწარმოო პროცესების გადაწყობას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს. ყოველივე ამისთვის კი პარლამენტი მთავრობას და ბიზნესს 6 თვიან ვადას უწესებს, რაც მნიშვნელოვნად სცილდება საერთაშორისო გამოცდილებას.
აღნიშნულის საფუძველზე ჩვენ ვაცხადებთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა ნაჩქარევად მიმდინარეობდა და საერთოდ უგულვებელყოფილი იყო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ასეთი რადიკალური და ნაჩქარევი შეზღუდვა არღვევს კომპანიის ფუნდამენტურ უფლებებს სასაქონლო ნიშანზე, საკუთრებაზე, გამოხატვისა და ვაჭრობის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც დაცულია: კონსტიტუციით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებით, საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებებით. ყოველივე კი უარყოფითად აისახება ბიზნესსაქმიანობებზე, შექმნის უარყოფით პრეცედენტს და ცუდი გზავნილი იქნება უცხოელი ინვესტორებისათვის ქვეყანაში არსებული გრძელვადიანი სტაბილურობის კუთხით. მოვუწოდებთ პარლამენტს გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით და არ შეზღუდოს ქვეყანაში კომუნიკაციისა და არჩევანის თავისუფლება.
(R)