“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმყოფებიან.
ისინი სამუშაო შეხვედრის ფორმატში აცნობენ დეპუტატებებს იმ საკანონმდებლო სიახლეებს, რაც პარლამენტში პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს უმრავლესობის ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც სხდომის დახურვამდე აღინიშნა, “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დარგის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების გზით მომზადდა და ის ღვინის კომპანიებთან და ასოციაციებთან არის შეთანხებული. ამასთან, მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინების მზაობა გამოთქვეს.
”ვაზისა და ღვინის შესახებ” მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არაერთი ტერმინია განმარტებული, ასევე არაერთი ძირითადი პრინციპია ჩამოყალიბებული, ის თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, არ არის ადაპტირებული საერთაშორისო ტერმინებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ-იმპორტისთვის ბარიერს ქმნის.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ღვინის კლასიფიკაციის თავში შედის - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში.
კანონპროექტში დაგეგმილია ცვლილების ასახვა, რომლის მიხედვით, ჩამოსასხმელი ღვინის გატანა ექსპორტზე აიკრძალება, რაც როგორც ინიციატორი განმარტავს, კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს და ფალსიფიკაციის ბარიერი გახდება.
ამასთან, დეგუსტაცია კანონით ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდება, რაც დღემდე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.
”ქართული ღვინო არატრადიციულ ბაზრებზე ნაბიჯ-ნაბიჯ იმკვიდრებს რეპუტაციას, რაც არსებული კონკურენციის პირობებში, რთულია. ჩვენი პოლიტიკაა, ხელი შევუწყოთ დივერსიფიცირებას, დარგი არ იყოს ჩამოკიდებული ერთ ან ორ საექსპორტო მიმართულებზე. ჩვენ ისტორიულად ვიცით, თუ რა პრობლემები შეგვიქმნა ამან. ამიტომ თუკი გვინდა, რომ გავიდეთ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის მაღალმარჟიან ბაზრებზე, აბსოლუტურად აუცილებელია გარანტირება იმისა, რომ ექსპორტზე გავა ნამდვილად ხარისხიანი ღვინო”, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მთავრობის ინიციატივებთან დაკავშირებით დეპუტატებმა შენიშვნები და კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს.