შიდა ქართლის 16 სოფლის ფერმერებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფლის ფერმერებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობის, მეცხოველებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, დარგის სპეციალისტებმა ფერმერების მეურნეობები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინდივიდუალური რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

„აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერის გადამზადება განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.