კობა გვენეტაძე - არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივზე მაღლა დარჩება

არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად 2018 წელს იგი შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს იქნება, - ამას შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა. მისივე თქმით, 2017 წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 6.1% შეადგინა, რაც ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორებით, კერძოდ, საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირებითაა გამოწვეული, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას და ასევე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული პროდუქტების წვლილი ინფლაციაში 2.7 პროცენტული პუნქტია. „რადგანაც ეს ზრდა ერთჯერადი ხასიათისაა, ის ეკონომიკური შინაარსით ინფლაციას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, მისი გავლენა ინფლაციაზე სუსტი რჩება, რადგანაც მთლიანი შიდა პროდუქტის გადახრა პოტენციური დონიდან ჯერ კიდევ უარყოფითია. თუმცა ბოლო მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა და პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5%-ს მიაღწია. 2017 წლის ეკონომიკური ზრდა წინა პროგნოზთან შედარებით ამ ეტაპზე არ შეცვლილა და კვლავ 4%-ის ფარგლებშია", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 2 მაისს სხდომაზე ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე გაზრდა.

„კომიტეტი გადაწყვეტილებას ინფლაციის პროგნოზის მიხედვით იღებს. არსებული პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად 2018 წელს იგი შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს იქნება. აღნიშნული პროგნოზი თავის მხრივ, ითვალისწინებს პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდასაც. სხვა თანაბარ პირობებში მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის დამატებითი ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება. მინდა დავამატო, რომ პოლიტიკის განაკვეთის აღწერილი პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არამედ ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე. ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი არის 3% საშუალოვადიან პერიოდში 2018 წლიდან. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ხშირად განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისაგან - ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი და ზოგჯერ - მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლისაკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია", - განაცხდა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.4%-ია. „როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3%, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-დან 3%-მდე. არამედ ვგულისმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში“, - აღნიშნა გვენეტაძემ.