ნინო ჯორბენაძე - არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, მოდით, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, მოდით, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს , - ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ჯორბენაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

ნინო ჯორბენაძის თქმით, მაღაროში იმ კონკრეტული სამუშაოს ჩატარებამდე დასაქმებულებს გადაცემული ჰქონდათ უსაფრთხოების აღჭურვილობა, თუმცა უცნობია, გამოიყენეს თუ არა ის.

„ეს ადამიანები, კომპანიის პროცედურის თანახმად, აუცილებლად იქნებოდნენ ინსტრუქტაჟგავლილები. სამუშაო განრიგი გაწერილი იყო სწორედ იმიტომ, რომ სამუშაო იყო გეგმიური. პროცედურების თანახმად, ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს გადაცემული ჰქონდათ უსაფრთხოების აღჭურვილობა. შესაბამისად, რა მოხდა, ამას ვნახავთ გამოძიების შედეგად“, - განაცხადა ნინო ჯორბენაძემ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ჯორბენაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც კომპანია გამოძიების შედეგებს დაელოდება. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.