20 ივლისიდან ფშავში პირველი სათავგადასავლო პარკი აშენდება. იდეა ზურა ბურდულს ეკუთვნის. კომპანიამ ადგილზე სამუშაოები უკვე დაიწყო და ახლო მომავალში პარკის გრანდიოზული გახსნის ცერემონიაც იგეგმება.
სათავგადასავლო პარკი 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე 4 ტრასა მოეწყობა. ორი საბავშვო, ორი კი ზრდასრულებისთვის. პროექტი უკვე შედგენილია და დეტალებზე „ბიზნესპრესნიუსი“ შპს „სათავგადასავლო პარკის“ დამფუძნებელს, ზურა ბურდულს ესაუბრა.
„სათავგადასავლო პარკი არ იქნება მხოლოდ ტურისტებისთვის გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ ასეთი ფიზიკური აქტივობით ადგილობრივი სკოლებიც და მოსახლეობაც დაინტერესდება. ეს არ არის ჩვენი პირველი სტარტაპი.
წლების წინ დავაფუძნე კლუბი ჯომარდი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და დღეისთვის უამრავი მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება სათავგადასავლო პარკს, აქ 4 ტრასა იქნება, სხვადასხვა სახის დაბრკოლებებით. ერთი საბავშვო ტრასა შედგება 8 თამაშისგან, ხოლო დიდების 14 თამაშისგან. თოკები ხეებზე განთავსდება. მომხმარებელს სირთულის მიხედვით შეუძლია აირჩიოს მისთვის შესაფერისი ტრასა.
როგორი იქნება ფასები?
ბავშვებისთვის სათავგადასავლო პარკში შესვლა 20, ხოლო დიდიებისთვის 30 ლარი ეღირება. ბავშვები დაიშვებიან 5-6 წლიდან. ჯერ კიდევ მიდის დეტალებზე მუშაობა და სანამ მომხმარებლების მიღებას დავიწყებთ, პროექტში მცირე კორექტივები შეიძლება შევიდეს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს?
უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება ასი პროცენტით. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ადგილზე გვეყოლება რამდენიმე ინსტრუქტორი. მომხარებლები კი სპეციალური ჩაფხუტითა
და ხელთათმანებით იქნებიან აღჭურვილები. თუ ბავშვი ან მოზრდილი რომელიმე დაბრკოლებას ვერ შეასრულებს, სპეციალური დაზღვევის სისტემის წყალობით, ის თოკიდან ვერ ჩამოვარდება. მასთან მივა ინსტრუქტორი, რომელიც თამაშის გაგრძელებაში ან მის დასრულებაში დაეხმარება.
რა თანხის ინვესტიციის გახორციელებას აპირებთ ამ კონკრეტულ პროექტში?
პირველ ეტაპზე, 100 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. უკვე ავიღეთ „თიბისი ბანკის“ პროგრამა
„სტარტაპერის“ ფარგლებში ე. წ. სტარტაპ სესხი. რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარება.
როგორი იქნება სეზონურობა. წლის რომელ პერიოდში ექნებათ მომხმარებლებს პარკით სარგებლობის შესაძლებლობა?
რა თქმა უნდა, სეზონური იქნება. ყოველწლიურად, პარკი აპრილიდან გაიხსნება და მუშაობას ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, მომხმარებლებს ველოსიპედებითა და ცხენებით გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ. ახლო მომავალში კი ვფიქრობთ, რომ ტერიტორიაზე ხის კოტეჯები ჩავდგათ, იმისთის რომ, მოსულ სტუმრებს ღამით დარჩენისა და დასვენების საშუალება მივცეთ.
იმის გარდა, რომ ეს კომერციული პროექტია და მოგებაზე გვაქვს გათვლა, გვინდა, საქართველოში ნორმალური გართობის და დასვენების კულტურა დაინერგოს. თუ ამ კუთხითაც შევიტანთ ჩვენს წვლილს და ბავშვების აქტივობას მცირედით მაინც გავზრდით, რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით.
ქრისტინე გამთენაძე
“სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი