ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ყველი და რძის ნაწარმი წლების განმავლობაში იყიდებოდა და დღესაც იყიდება.
ფალსიფიკაციის უამრავი მეთოდი არსებობს, რომლის წყალობითაც მყიდველი ადვილად ტყუვდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტმა თამარ გობეჯიშვილმა განუცხადა, მყიდველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წარწერას ეტიკეტზე. ტექნიკურმა რეგლამენტმა აუკრძალა მეწარმეებს დააწერონ რძის ნაწარმი, თუ მასში რძის ცხიმი არ არის. მეწარმეებმაც იოლი გზა იპოვეს და თუ ადრე ასეთ პროდუქტს ეწერა „ყველი იმერული“, ახლა დააწერეს ერთი სიტყვა - „იმერული“.
"იგივე ხდება ერთ-ერთი დასახელების არაჟანთან დაკავშირებითაც: პროდუქტი, რომელიც ადრე იყიდებოდა სახელწოდებით „არაჟანი სვანური“, მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ამიტომ, მეწარმემ მოაშორა სახელწოდება „არაჟანი“ და დატოვა მხოლოდ „სვანური“. ამ დარღვევების თაობაზე უკვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ პრობლემას გულდასმით შეისწავლიან. სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ქართულ ბაზარზე გამოტანილი ყველის ხარისხი საფუძვლიანად შემოწმდეს. ამიტომაც ვერ ვამბობთ, ესა თუ ის ყველი სოიოსგან მზადდება, რძის ფხვნილისგან თუ ნატურალური რძისაგან. ამ ტიპის ანალიზისთვის ლაბორატორია საზღვარგარეთ უნდა მოვიძიოთ", - აღნიშნავს თამარ გობეჯიშვილი.
თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე კი ამბობს, რომ ყველის ბაზარზე ფალსიფიკაციის მასშტაბები შთამბეჭდავია.
"ქართულ ბაზარზე არსებობენ კლასიკური ფალსიფიკატორები, რომლებმაც კარგად იციან რისგან დაამზადონ, რა დაუმატონ, რა გააკეთონ, რომ პროდუქტი ყველს დაამსგავსონ, ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ ვისგან ყიდულობთ, ჯობია სულ არ იყიდოთ. ნუ შეიძენთ ყველს კერძო პირისგან, რადგან ამ შემთხვევაში ფალსიფიკაციის საშიშროება უფრო მეტია - მას არავინ ამოწმებს და პასუხისმგებლობაც ნაკლები აქვს. მე მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევ ყველი და სურსათი ისეთ ობიექტებში შეიძინოს, რომელიც სახელმწიფოსგან შემოწმებულია, ვთქვათ, მაღაზიებში. აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სერტიფიკატი, ან ეტიკეტირება, რომელიც მყიდველს საშუალებას აძლევს გაარკვიოს, ვისი წარმოების ყველია და რისგან არის დამზადებული", - ამბობს ეთერ სარჯველაძე.
ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით ძნელია სოიოსგან და რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის გარჩევა.
"ფალსიფიკატორები ისე არიან გაწაფული, რომ ათასგვარ ხერხს იყენებენ. ამის გამო, ნამდვილი და ფალსიფიცირებული ყველის გარჩევა შეიძლება კარგ სპეციალისტსაც გაუჭირდეს. ამიტომ, ყველის შეძენა ყოველთვის საიმედო ადგილას ჯობია: მაგალითად, მაღაზიებში ეს პროდუქტი სერტიფიკატით მიდის და სავაჭრო ობიექტია პასუხისმგებელი ნებისმიერ დარღვევაზე. ქუჩაში ნაყიდი ყველის მთავარი საფრთხე ისაა, რომ არაჰიგიენურ პირობებში იმყოფება. რძის შრატში მიკრობები ყველაზე სწრაფად და ადვილად ვითარდება, ამიტომ, ქუჩაში ყველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოთ. შეიძლება ეს სადღაც სარდაფში დამზადებული,
ფალსიფიცირებული პროდუქტი იყოს, რომელიც გამყიდველმა ჩალის ფასად შეიძინა და მისგან ცდილობს მოგება ნახოს. საერთოდ, ყველი იმით არის ძვირფასი პროდუქტი, რომ კალციუმის და ამინომჟავების დიდ რაოდენობას შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. მისი შეძენა ყოველთვის ოფიციალურ ადგილას, ბაზრობებსა და მაღაზიებში ჯობია, რადგან იქ ეტიკეტზე მითითებულია რისგან არის დამზადებული ეს ყველი, ნამდვილი რძისგან, სოიოსგან თუ რძის ფხვნილისაგან. ლაბორატორიული კვლევის გარეშე ნატურალური ყველის გარჩევა ფალსიფიცირებულისგან პრაქტიკულად შეუძლებელია, არადა, ფალსიფიკატორები უამრავ ხერხს იყენებენ - უმატებენ სახამებელს, კვებით დანამატებს და საღებავებს, რომ პროდუქტი ნამდვილ ყველს დაამსგავსონ", - აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.
მისი თქმით, თუ ოჯახში დამზადებული ყველის ყიდვა გვსურს, უმჯობესია ნაცნობისგან შევიძინოთ. უცნობი ადამიანის მიერ დამზადებულ ყველს კი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა სად და ვის მიერ არის დამზადებული. „ჩვენ არ ვიცით ქუჩაში ნაყიდი ყველი რამდენად უსაფრთხოა, დაავადებული საქონლის რძისგან ხომ არ არის დამზადებული, ან რამდენად ჰიგიენურ პირობებში ამოიყვანეს, ამიტომ, ეტიკეტირებული ყველის შეძენას გირჩევთ, რომელიც მაღაზიებსა და ბაზრობებზე იყიდება და ოფიციალური შემოწმება აქვს გავლილი“, - აცხადებს სურსათის ექსპერტი.
ხათუნა ჩიგოგიძე