2016 წლის მეოთხე კვარტალში შრომის ნაყოფიერება 2.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის ხარჯზე მოხდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.
„2016 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, შრომის ნაყოფიერება სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ დარგებში შესაბამისად 1.4% და 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების დარგებში 1.4%-ით შემცირდა.
ინდუსტრიული დარგების შრომის ნაყოფიერება, მეტწილად, მრეწველობის ხარჯზე გაიზარდა. მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.7%-ით, ხოლო ერთ დასაქმებულზე წარმოებულმა რეალურმა დამატებულმა ღირებულებამ 3.7%-ით მოიმატა. მრეწველობიდან გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც რეალური დამატებული ღირებულების ზრდამ 6.7% შეადგინა.
შრომის ნაყოფიერების მხრივ, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ვითარება სოფლის მეურნეობაში. ამ დარგში დასაქმებულთა რიცხვი 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა. შედეგად შრომის ნაყოფიერებამ 1.4%-ით მოიმატა.
ეკონომიკის უმსხვილესი დარგის, ვაჭრობის შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი 5.1%-ით გაიზარდა, თუმცა საერთო ჯამში მომსახურებაში პროდუქტიულობა 1.4%-ით შემცირდა. შემცირების მთავარი მიზეზი სასტუმროებისა და რესტორნების დარგში შრომის ნაყოფიერების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი (-27%) ვარდნაა. ამ დარგში დასაქმებულთა ოდენობამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით მოიმატა, ხოლო დარგის რეალურმა ზრდამ მხოლოდ 5% შეადგინა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პროდუქტიულობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა. ამ დარგში შრომის ნაყოფიერების საგრძნობი მერყეობა ქვეყანაში გაზრდილ ტურისტულ ნაკადებსა და სეზონურ ფაქტორებს შეიძლება დავუკავშიროთ,“-ვკითხულობთ ანგარიშში.