ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 10-მდე სკოლასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას შორის არსებული დავა არასამთავრობო ორგანიზაციის სასარგებლოდ დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა და სკოლები საჯარო ინფორმაციის გაცემის დაგვიანების გამო დაჯარიმდებიან.
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ ქუთაისის №14, 30, 19, 12, 40, 33, 10, 9 და 1-ელი საჯარო სკოლები.
სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება განათლების რესურსცენტრის დირექტორი ბადრი ვაშაკიძე. როგორც ბადრი ვაშაკიძემ განაცხადა, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში.
"ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან არ მიგვიღია სასამართლოს გადაწყვეტილება, ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა იქნება, დოკუმენტებს ვამზადებთ სასამართლოში წარსადგენად. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს პროცესებისთვის", -განაცხადა ვაშაკიძემ.
სკოლებსა და ორგანიზაციას შორის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო დავა 2016 წელს დაიწყო. საქმეზე რამდენიმე პროცესი გაიმართა.