ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობის გზების და ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების მიზნით, ესტონეთის ბიზნესისა და სავაჭრო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, თეა ახვლედიანი ქალაქ ნარვას მერ, ტარმო ტამმისტესთან ერთად ნარვაში მდებარე „ნაკროს“ ინდუსტრიულ პარკს ეწვია და პარკის დამაარსებელს ალექსანდრ ბროკს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, ინდუსტრიული პარკის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს პარკის შექმნის ისტორია და წარმოების განვითარების გამოცდილება გაუზიარა.
„დღესდღეობით, „ნაკროს“ ინდუსტრიულ პარკში წარმოდგენილია 46-მდე სხვადასხვა პროფილის მქონე ესტონური და უცხოური კომპანია. ინდუსტრიულ პარკში საქართველოს ელჩის ვიზიტის შედეგად, რამდენიმე კომპანიამ საქართველოსთან ბიზნესის წარმოების ინტერესი გამოხატა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეა ახვლედიანი, ასევე, რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის Poolven Food Ltd.-ის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნული კომპანიის საწარმოები დაათვალალიერა. კომპანია Poolven Food Ltd საქმიანობას სამი მიმართულებით ავითარებს, მათ შორის საბურავების გადამუშავების, ავტომომსახურების და კვების მრეწველობის სფეროში. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკვე მიმდინარეობს თანამშრომლობა ქართულ მხარესთან და არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იიჰვიში ვიზიტისას, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა „იდა-ვირუს რეგიონის მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელთან, სადაც ქართული მხარე გაეცნო რეგიონში მეწარმეობის განვითარების ცენტრის პრიორიტეტებს და ცენტრის მიერ მეწარმეების დახმარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.
„იდა-ვირუს რეგიონში გამართული შეხვედრებისას განიხილეს საქართველოს ქალაქებთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო ესტონეთში საქართველოს საელჩოს პრიორიტეტებს და იდა-ვირუს რეგიონში საქართველოს შემდგომი წარმოჩენის, ისევე როგორც კულტურის, ტურიზმის, განათლების სფეროებში საელჩოს სამომავლო საქმიანობის კონკრეტულ გეგმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.