„ეფლ ინკორპორეიტედი“ გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარიან ნიშნულს ასცდა.
სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 700 მილიარდ დოლარიანი ბარიერი გადალახა.
„აიფონის“ მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წელს 33 პროცენტით არის გაზრდილი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, კომპანიის აქციების ზრდამ თითქმის 50 პროცენტს მიაღწია. ამ კომპანიაზე „სტანდარდ ენდ პურზის“ ინდექს S&P 500-ის 21.7 ტრილიონი დოლარიდან, დაახლოებით 4 პროცენტი მოდის.
Apple-ზე 2012 წლის სექტემბერში ამავე ინდექსის 4.9 პროცენტი მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, თავად ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალზაცია 7 პროცენტით არის მომატებული და მასში „ეფლის“ წილი სწორედ ამის ფონზე შემცირდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ Apple-ის აქციების ზრდა ამავე ტემპით გაგრძელდა, მაშინ მისი კაპიტალიზაცია ამ წლის ბოლოს ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
„ეფლის“ აქციების ფასის უახლოესი სამიზნე 160 დოლარია. სამი თვის წინ ფასის სამიზნე 140 დოლარი იყო. ამჟამად თითო აქცია 153.99 დოლარად ფასობს.
კომპანიის სრული კაპიტალიზაცია 802.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის 50 შტატიდან, 45-ის ეკონომიკაზე მეტია. ამაზე მეტი ბიუჯეტი მხოლოდ ილინოისს, ფლორიდას, ნიუ იორკს, ტექსასს და კალიფორნიას აქვთ.
მილიარდერი უორენ ბაფეტი ამბობს, რომ „ეფლის“ აქციების შეძენისკენ, ის მარტივი მიზეზი უბიძგებს, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტის ყოლის მიუხედავად, „აიფონის“ მწარმოებელს ბაზარზე ძალიან მყარი პოზიცია უკავია. ცნობისათვის, ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „ბერკშირ ჰეტუეი“, „ეფლის“ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.