საქართველოს მთიანი სოფლები, რომლებიც ასე საამაყოა ქვეყნისთვის, როგორც ისტორიული, ისე ტურისტული თვალსაზრისით, სამწუხაროდ, იცლება.ხელისუფლება პრობლემაზე თვალს არ ხუჭავს და ცდილობს სხვადასხვა პროექტით სოფელი გააძლიეროს. თუმცა, ეფექტურობა საჭირო ნიშნულს ვერ აღწევს. მთის მოსახლეობის უკეთესად დახმარებისთვის მათთვის მაღალ მთაში მუდმივად მცხოვრები პირის აქტიური სტატუსის მინიჭება ხდება და ისინი სპეციალურ დახმარებას იღებენ.
მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადგილობრივების მდგომარეობა ბოლო პერიოდი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, თუმცა წამოსული მოსახლეობის უკან დაბრუნების პროცესი ვერ დაიძრა.
ნოდარ ჩქარეული 32 წლის, სტეფანწმინდის რაიონი სოფელი ფხელშე:
"მთის კანონის მიზანი ხალხის სოფელში დაბრუნება და სოფლის გაძლიერებაა. წინსვლა ნამდვილად იგრძნობა. საქმე კეთდება, მიწების უფასო დამუშავების პროექტიც დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. სხვა სახის დახმარებასაც იღებენ მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლის სტატუსის მქონე პირები. წინსვლა სხვა მხრივაც გვაქვს. მაგალითად, ასფალტი დაგვიგეს. ნაგვის ურნებია დამაგრებული და ელემენტარულად, ხალხი ნაგავს ქუჩაში აღარ ყრის.
რეალურად მთაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. თუმცა, წასული მოსახლეობის დასაბრუნებლად ეს საკმარისი არაა. მთავარი პრობლემა უცვლელი რჩება. სამუშაო ადგილები არაა მთაში. თბილისში გადასახლებულები, იქ სამსახურს ვერ მიატოვებენ და ვერ დაუბრუნდებიან სოფელს, ვიდრე არ ეცოდინებათ, რომ აქ დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. მაგალითად, მთელი ჩემი ოჯახი წასულია. მე არ მივატოვე მთა. ახლა უნდა ჩემს ძმას დაბრუნება, მაგრამ ოჯახი ყავს და უჭირს გადაწყვეტილების მიღება. რადგან იცის მთაში დაბრუნებულს სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდება. სურვილი კი დიდი აქვს..."
არტემ წამალაიძე, 32 წლის, ყაზბეგი:
"არ გამიგია შემთხვევა, როცა მაღალმთაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღების გამო ვინმე დაბრუნებულიყო მთაში. თუმცა, მოსახლეობის ზოგადი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა. 2017 წლიდან ოჯახებს 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის დანახარჯს სახელმწიფო უნაზღაურებს. არსებული დახმარებებით ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად წახალისდა. საწარმოები იხსნება. სამუშაო ადგილები ჩნდება. ადგილობრივები კმაყოფილები არიან. მაგრამ შედეგი იმდენად რეზონანსული არაა, რომ წასულმა მოსახლეობამ დაბრუნება დაიწყოს."
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის შესაბამისად, 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მაღალ მთაში მუდმივად მცხოვრები პირის აქტიური სტატუსი აქვს 232 455 ადამიანს. მათ შორის პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვს 172 714 პირს, ხოლო 59 741 პირს სტატუსი მინიჭებული აქვს პირადი განცხადების საფუძველზე. ამჟამად, რეესტრის მიხედვით სტატუსი შეჩერებული, შეწყვეტილი ან გაბათილებული აქვს 8 196 პირს.
სტატუსის მინიჭება საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს მიღებული კანონის "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ამოქმედების შემდეგ დაიწყო. კანონი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების დახმარებას ისახავდა მიზნად, პირველად 1999 წელს მიიღეს.
"ახალი კანონი გაცილებით ქმედითია, ვიდრე 1999 წელს მიღებული. ამ კანონის მიხედვით გათვალისწინებული შეღავათების ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2016 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ, კანონის საფუძველზე ამჟამად მუშავდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, კანონის ეფექტურობასა და მის გავლენაზე შეფასების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია," - განმარტავს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველოს უფროსი გიორგი ბასოშვილი.
საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. აღნიშნული კანონის ამოქმედება კი 2016 წელს მოხდა. შესაბამისად, გაუკრვეველია, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის შეღავათებისა და დახმარებების დაწესების შემდეგ, რეალურად, როგორ შეიცვალა მთის მოსახლეობა.
კანონის ამოქმედების შემდეგ 2016 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა ოჯახში დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისათვის 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მესამე ბავშვისა და შემდგომი ბავშვებისათვის - 200 ლარის ოდენობით, ასევე, ერთი წლის განმავლობაში. დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ერთ-ერთი მშობელი იყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 1.828.800 ლარი გაიხარჯა.
2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო სოციალური დახმარების სახით პენსიის 20%-იანი დანამატის გაცემა საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის, რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიას. შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 8.542.722 ლარი გაიხარჯა.
2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემა მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. ამ მიზნით 2016 წელს სულ 1.065.844 ლარი გაიხარჯა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში განისაზღვრა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი 2016 წლის 1 სექტემბრიდან: აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს სულ 4.171.689 ლარი გაიხარჯა. იხილეთ გაგრძელება