თურქეთის ხელისუფლება მზად არის ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს გამოყენება დაუშვას იმ შემთხვევაში, თუ ის წაშლის კონტენტს თურქეთის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე და გადასახადებს გადაიხდის. აღნიშნულის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა.
„დაუშვებელია თურქეთის როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის წარმოჩენა, ეს ქვეყნის იმიჯს ძალიან აზიანებს. Wikipedia-ს რედაქტორები ჩვენ მიერ გაგზვნილ ტესტებს არ აქვეყნებდნენ საიტზე, არ შლიდნენ არასწორ კონტენტს. ამიტომაც მივიღეთ საიტზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება. ახლა სასამართლო გარჩევა მიდის. მაგრამ თუ Wikipedia შეასწორებს კონტენტს და სწორ ინფორმაციას დადებს, ჩვენ მოვხსნით შეზღუდვას“, - განაცხადა მინისტრმა.
„იმედი გვაქვს, რომ ისინი კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებენ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ თავიანთი წარმომადგენლობა გახსნან თურქეთში. ისინი შემოსავალს იღებენ თურქეთში თავიანთი საქმიანობიდან. გვინდა, რომ გადასახადები გადაიხადონ“, - დასძინა აჰმეთ არსლანმა.
30 აპრილს თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაზე“ წვდომა დაბლოკა.
თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს ბლოკირება იმით განმარტა, რომ საიტი „ტერორიზმთან ბრძოლაში წვლილის შეტანის ნაცვლად საერთაშორისო არენაზე თურქეთის იმიჯის გაშავების კამპანიის ნაწილი გახდა“. კერძოდ, Wikipedia-მ უარი განაცხადა იმ ტექსტების წაშლაზე, სადაც საუბარი მიდის თურქეთის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირებზე.