საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, მე-10 სკოლის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
„ინტერპრესნიუსმა“ ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული იმ ინფორმაციის შესახებ სთხოვა, რომლის თანახმად, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მე-10 სკოლის დემონტაჟი და ამავე ადგილზე საცხოვრებელი კოპრუსის მშენებლობა იგეგმება.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სკოლის ადგილას ისევ სკოლა აშენდება.
„როგორც ვიცი, სკოლა არის ავარიული, თუმცა საბოლოო დასკვნა ახლა მუშავდება და უახლოეს დღეებში გვეცოდინება. რადგან შენობა ავარიულია და მოსწავლეებისთვის სახიფათო იქნება, მისი დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს. ახალი სკოლა იმავე ტერიტორიაზე აშენდება. ამასობაში მოსწავლეები, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლო მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან, ან ერთ სკოლაში, თუ ერთი სკოლა დაიტევს მათ. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება საჭირო პროცედურებს, განათლების მინისტრის ინფორმაციით, ჯერ უნდა ინახოს დასკვნა, ასევე მოსამზადებელი და შესათანხმებელია პროექტები.
რამდენიმე დღის წინ, Ambebi.ge-ს მოქალაქეებმა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მე-10 სკოლის დემონტაჟი იგეგმება. მშობლები ყვებოდნენ, რომ დირექტორმა კრება ჩაატარა, სადაც შენობის ავარიული მდგომარეობის გათვალისწინებით მშობლებს განუცხადა, რომ სკოლის დემონტაჟი იგეგმებოდა, მოსწავლეები კი დროებით, ახალი სკოლის აშენებამდე სწავლას საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განაგრძობდნენ. მოგვიანებით, Ambebi.ge-სთან სკოლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორულად უარყო მე-10 სკოლის დირექტორმა.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპირებს.