ირლანდიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაინტერესდა, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ღონისძიებას უმასპინძლოს

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით კლერის საგრაფოს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები.

კერძოდ, კლერის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა კლერის საგრაფოსა და საქართველოს რომელიმე რეგიონის დაძმობილების საკითხი და კლერის საგრაფოს ხელმძღვანელობამ დაადასტურა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობისათვის მზაობა. ხოლო შენონისა და ენისის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს სურვილი, მიმდინარე წლის განმავლობაში უმასპინძლონ ღონისძიებას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კლერის საგრაფოს აღმასრულებელ მმართველთან პატ დოულინგთან, კლერის საგრაფოს საბჭოს მერთან ბილ ჩამბერსთან, ენისის მუნიციპალური ოლქის მერთან ენ ნორტონთან, შენონის მუნიციპალური ოლქის მერ ჯონ ქროუსთან, შენონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორ ჰელენ დოუნსთან და შენონის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ მეთიუ ტომასთან, ენისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ უილიამ კაჰირთან და ირლანდიური ტურისტული კომპანიების ერთ-ერთი უმსხვილესი კონსორციუმის Travelsavers გენერალურ მენეჯერ მერი კინგთან. ასევე ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ინტერვიუ მისცა წამყვან ადგილობრივ გამოცემას Clare Champion-ს.