„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე: გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 92 % აცხადებს, რომ ამის შესახებ იცის, ხოლო 7 %-ს არ სმენია.
კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის პროცედურების შესახებ, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ „დიახ, სმენია“, ხოლო 34 % ამბობს, რომ „საკმარისი ინფორმაცია არ აქვს“, 2 %-ის თქმით კი, „არ იცის“.
რაც შეეხება კითხვას, რომელი წყაროებიდან ისურვებდით ინფორმაციის მიღებას უვიზო მიმოსვლის შესახებ, გამოკითხულთა 78 % ამბობს, რომ „ეროვნული მაუწყებლიდან“ , 22 % - სოციალური ქსელიდან, 8 % - საინფორმაციო ვებ-საიტებიდან, 8 % - ჟურნალ-გაზეთებიდან, 6% - მეგობრებისა და კოლეგებისგან, 6 % - სამინისტროს ვებ-გვერდიდან, 6 % - რეგიონული ტელევიზიებიდან. 5 % აცხადებს, რომ არ სურს მიიღოს ინფორმაცია, 3 % - ბროშურებიდან და სხვა ბეჭდური მასალებიდან ისურვებდა, 2 % - რადიოდან, ხოლო 2 %-ის პასუხია „არ ვიცი“.
კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, გამოკითხულთა 51 % ეთანხმება, 35 % - არ ეთანხმება, 7 %-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.
საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.