14 მაისს, თბილისში ველო-გარბენთან დაკავშირებით ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების კვირეულის და ევროპის დღეების ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში ველო-გარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.