აპრილში ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა, რაც სეზონიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გაკეთებისთვის საჭირო თანხა 3.32 ლარს გაუტოლდა, რაც 2.5%-ით ნაკლებია მარტის მონაცემთან შედარებით, თუმცა 4.9%-ით მაღალია წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე.
ISET-ის ცნობით, საქათველოში რძის დაურეგულირებელი და ბოლომდე განუვითარებელი ბაზარის გამო, ფასები ძალიან მაღალია და კონკურენტუუნაროა. FAO-EBRD-ს მონაცემებით, რძის ფასები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის მისი მომწოდებელი - კომერციული თუ პატარა ფერმები.
ISET-ის მონაცემებით, 2017 წლის მარტში ერთი ლიტრი რძის ფასი 0.8 ლარიდან 1 ლარამდე მერყეობდა, რაც დამოკიდებულია თუ ვისი წარმოების იყო რძე - მცირე მეწარმეების თუ ფირმების.
„როგორც წესი, მცირე მეწარმეების მიერ მოწოდებული რძე უფრო იაფი ღირს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის უპირველესად ის, რომ ფერმერები იშვიათად ხმარობენ ხელოვნურ განმანაყოფიერებლებს მოწველვის გეგმის გაუმჯობესებისთვის ან უკეთესი ნაჯვარის შექმნისთვის, ამიტომ ძროხათა უმეტესობა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მრავლდება. ეს პერიოდი ზამთარს ემთხვევა და შესაბამისად, ამ დროს მცირე მეწარმეებს არ შეუძლიათ მომხმარებლის რძით მომარაგება. სიტუაცია საპირისპიროდაა კომერციული ფირმების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მათ აქვთ შესაძლებლობა უკეთესი პირობები შესთავაზონ მომხმარებელს და შესაბამისად, ინტერესებიდან გამომდინარე, გაზარდონ რძის ფასიც“, - ნათქვამია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FAO-EBRD კვლევის მიხედვით ჩანს ისიც, რომ რძის მთლიანი მოწოდება საქართველოში მცირეა და ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. რძის დეფიციტი ფასებს ზრდის, ხოლო მაღალი ფასები, თავის მხრივ, ქართველ მწარმოებლებს კონკურენტუუნაროს ხდის, ვინაიდან მათი ნედლი რძის მაღალი ფასი შედეგად ძვირადღირებულ რძის პროდუქტებს გვაძლევს.
„იმისთვის, რომ ქართული რძის პროდუქტების კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, საჭიროა ფერმერებმა ან შეცვალონ ნაკლებად პროდუქტიული ძროხები, ან გამოიყენონ ხელოვნური განაყოფირება. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს მსხვილფეხა ცხოველთა კვების რაციონიც. როდესაც ზემოხსენებული მიღწეული იქნება, ხოლო სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები სტანდარტებს გაუტოლდება, საქართველოს საფუძველი გაუჩნდება დაფიქრდეს რძის ექსპორტზე“, - წერს ISET.