სტამბოლის პოლიციამ დღეს, საფონდო ბირჟის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად, 57 ადამიანი დააკავეს. სტამბოლის საფონდო ბირჟის დაკავებული თანამშრომლები ეჭვმიტანილნი არიან ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში. აღნიშნულის შესახებ თურქული ტელეარხი Haberturk იუწყება.
სტამბოლის პოლიციამ ჩხრეკა სულ 70 მისამართზე ჩაატარა. გამომძიებლების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მიმოწერისთვის სპეციალურ პროგრამა-მესინჯერს - Bylock-ს იყენებდნენ, რომლითაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდაჭერები და 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მონაწილეები სარგებლობდნენ. მათივე თქმით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ასევე Bank Asya-სთან ფინანსურ მაქინაციებში, რომელიც ადრე გიულენის სტრუქტურებს ეკუთვნოდა.
სპეცოპერაცია გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ 102 ადამიანის დაკავებაზე გასცა ორდერი.