თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზნაურის რაიონში ე.წ.საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
”ყველანაირი განცხადება იქნება თუ ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის უკანონო და არალეგიტიმური. შესაბამისად, მსგავს განცხადებებს არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი გამართლება არ აქვს”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ ცხინვალის მხარე ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაპირებთ აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან (მანამდე იონჩა). გასულ წელს ადგილობრივ მცხოვრებს მსხილფეხა საქონელი დაეკარგა, რომლის პოვნაც ვერ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა, ამიტომ სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ იქ შეიქმნას უსაფრთხოების აუცილებელი პირობები“, - აღნიშნა სანაკოევმა.