მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მაღალი რისკის საწარმოებში შევა, უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფი არის დროებითი მექანიზმი, სანამ კანონდებლობით შრომის ინსპექციას მიეცემა უფლება შევიდეს მაღალი რისკის საწარმოებში გაუფრთხილებლად.
”ეს პოტენციურად თავიდან აგვაცილებს კანონის მიღებამდე რაიმე ახალ ინციდენტს. ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები ყველა ზომის მიღებას, რომელიც მინიმალურად ამცირებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შედეგად ადამიანების დაშავების რისკს”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი უახლოეს მომავალში, 1-2 კვირის განმავლობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ამ ჯგუფს უფლებები გარკვეული მიმართულებით ექნება.
”ისეთი ყოვლისმომცველი ვერ იქნება, როგორიც შრომის ინსპექცია, ამ ჯგუფს ექნება გარკვეული მიმართულებით სავალდებულო ხასიათის რეკომენდაციების უფლება”, - განაცხადა ზოიძემ.
ამასთან, ზოიძის თქმით, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია.
”კანონპროექტი დასრულებულია, საკმაოდ დიდი განხილვა იყო მთავრობაში სამმხრივი კომისიის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი არიან პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაციები და სახელმწიფო, განხილვა იყო საკმაოდ ხანგრძლივი. გვინდა, რომ მიღებულმა კანონმდებლობამ არ დააზიანოს არც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულად დასაქმების ინტერესი და არც მათთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - განაცხადა ზოიძემ.