ჩვენს კულტურაში რამდენად მოხერხდება და სწორი იქნება ქალბატონების სამხედრო სამსახური, ამასაც ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, განხილვის საგანი იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. ჯეჯელავას თქმით, სამხედრო სამსახურის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყოვლისმომცველი რეფორმა მიმდინარეობს.
”მათ შორის გაწვევის, გაწვევის გადავადებისა და დახსნის მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენს კულტურაში რამდენად მოხერხდება, გამოვა და სწორი იქნება ქალბატონების სამხედრო სამსახური, ამასაც ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, განხილვის საგანი იქნება და შემდეგ საჯარო განხილვით მიიღება გადაწყვეტილება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. კითხვაზე - ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, აღნიშნული პასუხი გასცა გამოკითხულთა 64%-მა, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.