კობა გვენეტაძე - მე ვერ ვიტყვი რამდენი ბანკი იქნება საქართველოში, ქართული საბანკო ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი

მე ვერ ვიტყვი რამდენი ბანკი იქნება საქართველოში, ქართული საბანკო ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი ამ მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის 12 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი განვითარების გზაზე.

,,საკმაოდ ხშირი კომენტარები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ბანკი უნდა იყოს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები საკითხის ასეთ დასმას. მე ვერ ვიტყვი რამდენი ბანკი იქნება, ეს იქნება 6, 10, 17, 18 თუ 25. ქართული საბანკო ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საბანკო დაწესებულებები არიან კერძო მფლობელობაში. საბედნიეროდ, ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სახელმწიფო ბანკი და ყველას, ვისაც უნდა ძლიერი ბანკით, ძლიერი კაპიტალით მოსვლა საქართველოში, ბაზარზე, შეუძლია შემოვიდეს და დაიწყოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა წინადადებებიც, ბევრ ინვესტორს უნდა კიდეც ამის გაკეთება. მთავარია, რამდენად ძლიერია ბანკი, რამდენად სტაბილურია იგი და რამდენად უწყობს ხელს სისტემის სტაბილურობას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები და ეს ასე გაგრძელდება. საბანკო სისტემის მაჩვენებლები, სტაბილურობა და მდგრადობა საკმაოდ მაღალია“, - განახცადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.