საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტმა როლფ ვენცელმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები.
სამინისტროს ცნობით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველი განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა.
„შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.