ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს ახალი მიმართულებებით იწყებს.
ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კომპანიის ცნობით, 20 მაისიდან თბილისიდან ლონდონის მიმართულებით, პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყება. ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ამასთან, 12 ივნისიდან, ყოველ ორშაბათსა და შაბათს, კომპანია პრაღის მიმართულებითაც დაიწყებს პირდაპირი რეისების განხორციელებას.
„ასევე 2 ივნისიდან ვამატებთ ყაზანის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით. მგზავრთა მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გვაქვს პარიზის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებაც, რომელიც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება,“- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდისა და 2 ემბრაერის ტიპის თვითმფრინავის დარეგისტრირებას გეგმავს.
"მინდა გითხრათ სასიამოვნო სიახლეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში "ჯორჯიან ეარვეისში" ხორციელდება. კერძოდ, ავიაკომპანია განვითარების ახალ ეტაპზე საჰაერო ფლოტის ძირეულ განახლებას გეგმავს. სულ რამდენიმე დღეში ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდს დავარეგისტრირებთ, ასევე ემბრაერის ტიპის 2 თვითმფრინავი გვეყოლება", - აღნიშნა დავითაშვილმა.