99 ქვეყანაში საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ

გუშინ გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ.

კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.

Avast-ის განცხადებით, კიბერშეტევის ფაქტები ძირითადად რუსეთში, უკრაინაში და ტაივანზე, ასევე დიდ ბრიტანეთში მდებარე საავადმყოფოებზე დაფიქსირდა.

ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი მზად არის უცხოელ პარტნიორებს კიბერშეტევების მოგერიებაში დაეხმაროს.

„ჩვენ აქტიურად ვახდენთ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლას და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ“, - განაცხადეს უწყებაში.