ორგანიზაციამ „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ და „მომხმარებელთა არჩევანის ცენტრმა“ „თბილისი მოლში“ „ძიძა სახელმწიფოს“ მაღაზია გახსნა. მაღაზიაში სტანდარტიზებულად შეფუთული პროდუქტებია წარმოდგენილი.
როგორც სოციალური კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენა მიზნად ისახავს, საზოგადოების ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვას ითვალისწინებს.
საგამოფენო კუთხე 12 მაისს, „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე გაიხსნა და სავაჭრო ცენტრის სივრცეში 3 დღის განმავლობაში განთავსდება.
სოციალური კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა პირდაპირ ზღუდავს მომხმარებელთა არჩევანს. მათივე თქმით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სიგარეტის შეფუთვიდან ბრენდინგის ყველა ელემენტი გაქრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სიგარეტს ერთი ზომა, ფერი და შეფუთვა ექნება, ზედ დატანილი იქნება ქართული ასოებით ის შინაარსი, რომელსაც სახელმწიფო დაამტკიცებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ამ კონკრეტული ინიციატივის მიმართ უკვე მრავალმა ბიზნეს ასოციაციამ გამოთქვა შეშფოთება და, აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია არა მარტო ბიზნესს და ქვეყნის ეკონომიკას უქმნის საფრთხეს, არამედ ჩვენ, მომხმარებელს გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც არჩევანის სტანდარტს თავად მთავრობა გვიწესებს.
„გადავწყვიტეთ, თბილისში „ძიძა სახელმწიფოს“ მაღაზია გაგვეხსნა, რომ საზოგადოებისთვის წარმოგვედინა, თუ როგორი მავნებლური და შემაშფოთებელია მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი რეგულაცია“. ორგანიზაცია „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ამ კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით უძღვება, დღეს ბრძოლის ველმა საქართველოში გადმოინაცვლა. გვინდა თუ არა სახელმწიფო, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს ბავშვებივით ექცევა? თუ ისეთი საზოგადოება გვჭირდება, რომელიც პატივს სცემს ადამიანთა თავისუფალ არჩევანს?“ – განაცხადა ორგანიზაცია „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ადგილობრივმა კოორდინატორმა ლიზა კაციაშვილმა.