ქუთაისში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ის ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
მათივე განცხადებით, სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ორი 16-სართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.